saqarTvelos CanCqerebi - tobis CanCqeri
მდებარეობა | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°28`25` ჩ. გ. 42°27`15` ა. გ. |
მაქსიმალური სიმაღლე | 600 - 800 მ |
ორი წყალვარდნილი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადის ტობის სათავის მიდამოებში. აბსოლუტური სიმაღლე 600-800 მ. მდინარე ტობის სათავეში ამართული, ზედაცარცული კირქვული ქარაფი მდიდარია კარსტული მღვიმეებიდან გამომავალი მდინარეების ჩანჩქერებით. არსენ ოქროჯანაშვილის სახელობის მღვიმიდან გამომავალი კარსტული მდინარე (ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე თურჩუს ტაფობის ნაკადულის ერთ-ერთი გაგრძელება), საქართველოში ყველაზე მაღალ, 234 მ სიმაღლის კასკადურ ჩანჩქერს აჩენს. მღვიმე ტობა I-ის ნაკადიც წარმოშობს ეფექტურ ჩანჩქერს. თვით ამ მღვიმის შიგნით წყალი ერთგან 21 მ სიმაღლიდან ვარდება. ამავე მღვიმეში ოთხი ტბაა. აქაური ჩანჩქერები და მღვიმეები ქმნიან საინტერესო და პერსპექტიულ ტურისტულ კომპლექსს. მისასვლელი გზა იწყება მარტვილიდან 14 კილომეტრიანი საავტომობილო გზით სოფელ მეორე ბალდამდე, შემდეგ ფეხით 4 კილომეტრი მდინარე ტობის სათავის ქარაფის ძირამდე. წარმოადგენს ბუნების ძეგლების უნიკალურ კომპლექსს. ტობის ჩანჩქერები შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.